მთავარი არხი • Mtavari Arkhi


Channel's geo and language: Georgia, Georgian


მთავარი არხი უკვე Telegram-შია
შემოგვიერთდი და არ გამოტოვო მთავარი ამბები
Mtavari.tv
#მთავარიარხი
#Mtavaritv
#ახალიამბები
#საქართველო
არაოფიციალური არხი

Related channels

Channel's geo and language
Georgia, Georgian
Statistics
Posts filter


ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი დილით დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა. მისი თქმით, ნავთობბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნავთობის 3 რეზერვუარი დაიწვა.

ვრცლად


უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 8 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 7 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59 გაანადგურა.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

ვრცლად


თბილისში, გლდანში ხანძარი იყო.

ცეცხლი "ლუდის სამყაროსთან", ცალკე მდგომ სამზარეულოს შენობას გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინ არაა.

ვრცლად


დარტყმა იყო 27 ივლისს ღამით, განუცხადა წყარომ სხვა უკრაინულ გამოცემა New Voice-ს. მან ასევე დაადასტურა უკრაინის დარტყმა რუსულ ბომბდამშენზე.

ოლენეგორსკი არის ქალაქი მურმანსკის ოლქში, მისგან უკრაინის საზღვრამდე დაახლოებით 1800 კმ-ია.

რუს სამხედროებს არ გაუკეთებიათ კომენტარი ბომბდამშენზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ვრცლად


ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. დაკარგული ნინო ტრაპაიძეა. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და აღარ გამოჩენილა.
ინფორმაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
557 45 14 16


"მთავარ არხს" ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 120-მდე სამხედრო მეოთხე ქვევით ბრიგადაში მოწამლულია. ამავე წყაროს ცნობით, ყველა მათგანი სამხედრო ნაწილთან არსებულ საავადმყოფოში მკურნალობს.

მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები გახდა. უცნობია ჯარისკაცების მდგომარეობა.

მცდელობის მიუხედავად ჩვენ თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია და კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

მივედით ვაზიანის მეოთხე ბრიგადის ბაზასთანაც, ადგილზე დაგვპირდნენ, რომ კომპეტენტურ პირსთან გასაუბრებას შევძლებდით, თუმცა ჩვენთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა.

სახელმწიფო მალავს ვინ კვებავს ქართულ ჯარს - ამ დროისთვის საიდუმლოა რომელ კომპანიას შეაქვს პროდუქტი სამხედრო ბაზებზე. ექსპერტები განმარტავენ, რა შეიძლება ხდებოდეს დახურულ სისტემაში ახლა. ასახელებენ მიზეზს, რატომ არარის ქართული ჯარის კვების მომარაგების სისტემა საჯარო.

ავტორი: მაგდა მაისურაძე.

ვრცლად


თითქმის ერთი თვეა გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არაოფიციალური კომენდანტის საათია გამოცხადებული. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ პოლიციელები მათ ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავენ და სახლში ყოფნას აიძულებენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ საღამოობით ეზოში ყოფნის საშუალებაც არ ეძლევათ. ხშირად ყოველგვარი განმარტების გარეშე, ღამის საათებში ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ, ჩხრეკენ და სახლში შესვლას აიძულებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც.

ადგილობრივები გამკაცრებული საპოლიციო მოქმედებების მიზეზს ვერ ხსნიან. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს.

"ყველა პატიოსან მოქალაქეს უნდა უხაროდეს ბევრი პოლიციელი ნებისმიერ ქალაქის უბანში, ხომ ეგრეა?!" - ასე პასუხობს გორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კითხვას - რა არის გამკაცრებული საპოლიციო ღონისძიებების მიზეზი.

ღამ-ღამობით რკინიგზის დასახლებაში დაკავებულ მოქალაქეებს შსს ერთი და იგივეს - პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეებს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. იურისტების მტკიცებით, მომხდარი კითხვებს მოსამართლესაც უჩენს, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლოს ხშირად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად აცხადებს და აჯარიმებს.

რკინიგზის დასახლებაში მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიემართათ. ათობით მოქალაქის საჩივარი, რომელსაც ადვოკატები გამომძიებლებს რამდენიმე დღეში გადასცემენ, უკვე მზადაა.

ავტორი: დავით კობიძე.

ვრცლად


საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის განცხადებით, მომზადდა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა, აღნიშნულს იზიარებს ფედერაციაც.

''საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

ვრცლად


ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეგნებულად დამახინჯებული ციტატა, ეცვა თუ არა ჯავშანჟილეტი ტრამპს და ვინ იყო მასზე თავდამსხმელი - ყალბი ამბები დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ.

მას შემდეგ რაც საარჩევნო შეხვედრაზე, ამერიკის 45-ე პრეზიდენტისა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს, ცრუ ინფორმაციის კასკადის გავრცელება - სოციალური ქსელით აქტიურად დაიწყო, მათ შორის საქართველოში. დეზინფორმაციას ავრცელებდნენ Facebook-ის სხვადასხვა ქართული და რუსულენოვანი მომხმარებლები, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი რამდენიმე გვერდი.

მტკიცება იმაზე, რომ თითქოს ტრამპს ორი ან სამი სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს, ტყუილია რადგან FBI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატებზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი იყო და მკვლელობის მცდელობის დროს ის მარტო მოქმედებდა.

შემოწმებულია - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივ პროექტში მოგიყვებათ რა დეზინფორმაცია გავრცელდა ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე ინტერნეტში.

ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

ვრცლად


გაუქმების საფრთხე ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასისთვის. დასმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უკვე 5 წელია ნათელი წერტილია, შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. მათი ისტორია 2019 წლიდან იწყება, დღეს ამ დიდ ოჯახში 55 წევრია - 6-დან 28 წლამდე ასაკის ადამიანები.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ამ დასმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. მიზეზი, დიდი ალბათობით, მისი ხელმძღვანელის სამოქალაქო პოზიციაა. ნატალია გალოგრე "ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკასა და რუსულ კანონს აპროტესტებდა და აპრილ-მაისის აქციებზე იდგა.

ტენდერში, რომელშიც დასი წლების განმავლობაში იმარჯვებდა და დაფინანსებას იღებდა, წელს იურიდიული მიზეზით დაახარვეზეს. დასის ხელმძღვანელის თქმით, გამარჯვებული კომპანია ელემენტარულ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

კომპანია, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და მალე ხელშეკრულებასაც გაუფორმებენ, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. უცნობია რას საქმიანობდა ის აქამდე. დასის ამჟამინდელი ხელმძღვანელის აზრით, საგანგაშოა, რომ ამ კომპანიას კომპეტენციის პრობლემასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვს, რაც მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებშიც იკვეთება.

სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ჟურნალისტებს საქმის დეტალებში გარკვევისკენ მოუწოდებს, ამტკიცებს, რომ ტენდერი, რომელიც უკვე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა, თავიდან უნდა გამოცხადდეს.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე; თეა ვაშალომიძე.

ვრცლად


რეჟიმი შინაგან საქმეთა სამინისტროში აბრუნებს კადრს, რომელიც უწყებიდან მათივე მმართველობის დროს, არსებული ინფორმაციით, "პოლიციის მუნდირისთვის შეუფერებელი და ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო" გაუშვეს.

გიყვებით გოჩა ჟღენტზე, რომელიც გურიაში სუფსის განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე დააბრუნეს. ჩვენი რესპონდენტების ინფორმაციით, სამინისტროს რიგებიდან გაგდებული მაღალჩინოსნის პოლიციაში დაბრუნების უკან ივანიშვილის ოჯახი, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის ძმა - ადიკო ივანიშვილი დგას.

გოჩა ჟღენტი სამართალდამცავ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც და როგორც ირკვევა, არც მაშინ იყო პოლიციელის მუნდირის და ღირსების განსაკუთრებული დამცველი. მუშაობა 2012 წლის შემდეგაც გააგრძელა, ჯერ ლანჩხუთის პოლიციის უფროსი იყო, 2015 წელს კი ოზურგეთის სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქ მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა. სამსახურიდან გათავისუფლების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიცით რომ უწყებიდან გენ. ...

ვრცლად


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად


ვოლგოგრადის ოლქში, გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას, თვითმფრინავი სუ-34 ჩამოვარდა. ინფორმაციას TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, ეკიპაჟი გადარჩა, მაგრამ თვითმფრინავი უკაცრიელ რაიონში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო. ადგილზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია გაგზავნეს.

ვრცლად




ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოელ აცანას მოსახლეობა რწმუნებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ადგილობრი "მთავართან" ყვება, რომ იზა მათითაიშვილი საკუთარი ოჯახის მიწის ნაკვეთებისა და სახლის დალაგებას შანტაჟის გზით აიძულებს. უარის თქმის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

მისივე თქმით, სოფლის რწმუნებულმა ადგილობრივები დააშანტაჟა და უთხრა, რომ თუ "ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე არ წავიდოდნენ თბილისში, სოციალურ დახმარებას დაკარგავდნენ.

იზა მათითაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

"სოციალურად დაუცველები ავრთ, 80 000 ქულა გვაქვს, ვზრდი ორ ობოლ შვილიშვილს. მაგ მხრივ მოგვიწია დასაქმება და ვმუშაობთ სასაფლაოზე... სასაფლაოს ვასუფთავებთ, კიდევ გვიძახებს გამგებელი, რწმუნებული და გავდივართ. სახლში ახლა ორჯერ ვიყავი, მისი ძმის ეზოს დალაგებაზე და ჩაის კრეფაზე. დასაქმებული ხარ და ვალდებული ხარ, რომ რომ დაგიძახებს, წახვიდე უნდა, რა ვიცი, ვერ ვხდები. ეზოს...

ვრცლად


უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან რუმინეთში განაცხადა, ციტირებს HVG.hu.

ორბანის თქმით, მხარეები ომში სასტიკ დანაკარგებს განიცდიან, რომლებიც ასობით ათასია, მაგრამ არ სურთ შეთანხმება. მისი აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს: ორივე ქვეყანას სჯერა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს და მათ სურთ იბრძოლონ მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ.

მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს თავის "სამშვიდობო მისიას", მიუხედავად ევროკავშირის კრიტიკისა.

ვრცლად


უკრაინის პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რუსების დაბომბვისგან დაზიანებული ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდიტი" მოინახულა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი საოციალურ ქსელში წერს.

"დღეს პირველ ლედისთან ერთად ბავშვთა სპეციალიზიებულ ჰოსპიტალს "ოხმატდიტს" ვეწვიეთ და იმ ბავშვებს გავესაუბრეთ, რომლებიც იქ მკურნალობას გადიან.

დაწესებულებამ ყველაფრის მიუხედავად განაახლა ნორმალური მუშაობა და აღიდგინა ძალები რუსული დაბომბვის შემდეგ. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საავადმყოფოს ეხმარება, ვინც ადგილზე იყო რუსული რაკეტის მოხვედრის შემდეგ და ნანგრევებისგან წმენდდა, მხარს უჭერდა ბავშვებს, მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც ეძებდა გამოსავალს უკრაინელების მხარდასაჭერად.

ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს და დავამტკიცებთ, რომ სიცოცხლე უფრო ძლიერია ვიდრე მისი მტერი!"- წერს ზელენსკი.

რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო 8 ივლისს დაბომბა. კლინიკის ტერიტორიაზე 31 ადამიანი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო უკრაინაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.

ვრცლად


რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი სტვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს ბენზინი გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მძღოლი, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.

ვრცლად


უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელი პოზიცია გულისხმობს რუსეთის პოზიციის იგნორირებას და რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის მოლოდინს, მაგრამ ეს არ მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა.

"კონსტრუქციული მიდგომებისკენ მოგვიწოდებენ და რეალურად, მათი გაგებით, ეს ნიშნავს კაპიტულაციას, ეს არ მოხდება, ეჭვი არ არსებობს, რომ სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება," - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსულმა მხარემ და რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მოლაპარაკებაზე უარს უკრაინული მხარე აცხადებს.

"ზელენსკიმ ორი წლის წინ ხელმოწერილი ბრძანებულებით, აუკრძალა საკუთარ თავს და მის ყველა თანამშრომელს რუსეთთან მოლაპარაკება. ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა: იმისთვის,რომ თქვენ, დასავლელებს, გქონდეთ არგუმენტები მოლაპარაკების სურვილის არქონის გამო გაგვკიცხოთ. დაე, მან გააუქმოს საჯაროდ მისი ეს დადგენილება," - აღნიშნა ლავროვმა.

ვრცლად


თუშეთში, გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა. მოქალაქეები სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და მოძრაობა სრულად აღდგა.

"მაგარი წვიმა იყო თუშეთში და ჩამოწვა ბევრი მეწყერი. გზაზე ვიყავით, დაახლოებით 3 საათი გაჩერებული და არავინ არ იყო მოსული. მეწყერი იყო ჩამოწოლილი 3 მეტრზე, უკანაც ჩახერგილი გვქონდა გზა და წინაც. ესე ვიდექით 9 თუ 10 მანქანა. მთელი სამი საათი არაფერი არ გვქონდა, არც თოხი, არც "ლაფატკა". ტრაქტორი ვერ მოვიდა, სამაშველოდან გამოგზავნეს," - განაცხადა მოქალაქემ .

ვრცლად

20 last posts shown.

335

subscribers
Channel statistics