გაუქმების საფრთხე ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასისთვის. დასმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უკვე 5 წელია ნათელი წერტილია, შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. მათი ისტორია 2019 წლიდან იწყება, დღეს ამ დიდ ოჯახში 55 წევრია - 6-დან 28 წლამდე ასაკის ადამიანები.
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ამ დასმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. მიზეზი, დიდი ალბათობით, მისი ხელმძღვანელის სამოქალაქო პოზიციაა. ნატალია გალოგრე "ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკასა და რუსულ კანონს აპროტესტებდა და აპრილ-მაისის აქციებზე იდგა.
ტენდერში, რომელშიც დასი წლების განმავლობაში იმარჯვებდა და დაფინანსებას იღებდა, წელს იურიდიული მიზეზით დაახარვეზეს. დასის ხელმძღვანელის თქმით, გამარჯვებული კომპანია ელემენტარულ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
კომპანია, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და მალე ხელშეკრულებასაც გაუფორმებენ, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. უცნობია რას საქმიანობდა ის აქამდე. დასის ამჟამინდელი ხელმძღვანელის აზრით, საგანგაშოა, რომ ამ კომპანიას კომპეტენციის პრობლემასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვს, რაც მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებშიც იკვეთება.
სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ჟურნალისტებს საქმის დეტალებში გარკვევისკენ მოუწოდებს, ამტკიცებს, რომ ტენდერი, რომელიც უკვე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა, თავიდან უნდა გამოცხადდეს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე; თეა ვაშალომიძე.
ვრცლად